გრემი


ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია გრემის მთავარანგელოზი, რომელიც დღევანდელ სოფელ გრემის სამხრეთით, თელავიდან ყვარლისკენმიმავალი სამანქანო გზის 27-ე კილომეტრზე მდებარეობს.
იგი გრემის ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდში (XV-XVII სს.) არის შექმნილი. ამ დროს გრემი კახეთის მეფეთა საჯდომია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი ქალაქი. მისი მნიშვნელობა, როგორც მხარის პოლიტიკური ცენტრისა, დაეცა XVII საუკუნეში, მას შემდეგ რაც შაჰ-აბასის 1614-1616 წწ. შემოსევებში დანგრეული და განადგურებული ქალაქიდან კახეთის მეფეთა რეზიდენცია კვლავ თელავს დაუბრუნდა. შემთხვევით გადარჩენილი მთავარანგელოზი ქალაქის აყვავების ძეგლია და ამავე დროს ქართული გვიან-ფეოდალური პერიოდის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშსაც წარმოადგენს.
XV საუკუნის შუახანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდინარე ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა ქალაქზე და ამავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება ხელს აძლევდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ამიჯნება, ჩრდილოეთით კი - მთები.

No comments:

Post a Comment